ქართულ კულინარიაში ხაჭაპურის მომზადების არაერთი რეცეპტი მოიპოვება. ამჯერად წარმოგიდგენთ გემრიელი მეგრული ხაჭაპურის მარტივ რეცეპტს. :-) გამოაცხვეთ და შეგვიფასეთ რეცეპტი!
რეცეპტის ინგრედიენტები:
200 გრამი ხაჭაპურის ცომი
100 გრამი ფქვილი
2 ცალი კვერცხი
70 გრამი კარაქი
200 გრამი სულგუნი
~ მომზადების წესი ~
☞
1. გააცხელეთ ღუმელი 200-220C გრადუსზე.
2. ხაჭაპურის შიგთავსის მოსამზადებლად გახეხეთ სულგუნი და გადაინახეთ 50 გრამი. დანარჩენი 150 გრამი ყველი კი მოათავსეთ თასში და ჩანგლით შეურიეთ 1 ცალი კვერცხი 50 გრამ კარაქთან ერთად.
3. მეორე კვერცხის გული განაცალკევეთ ცილისგან და გათქვიფეთ.
4. მოზილეთ ხაჭაპურის ცომი (იხილეთ ხაჭაპურის ცომი მომზადების წესი) ფქვილმოყრილ სამუშაო ზედაპირზე, დაასვენეთ 10 წუთით და შემდეგ გააბტყელეთ. ცომის ცენტრში მოათავსეთ ხაჭაპურის შიგთავსი, შეუკარით პირი, ამოატრიალეთ და ფრთხილად გააბრტყელეთ ხელებით. დაუტოვეთ პატარა ნახვრეტი ორთქლის ამოსასვლელად.
5. გადაანაწილეთ გადანახული 50 გრამი გახეხილი ყველი ხაჭაპურის ზედაპირზე. ცომის კიდეებს და ყველიან ზედაპირს ალაგ-ალაგ მოაცხეთ გათქვეფილი კვერცხის გული.
6. საცხობ ლანგარს მოაყარეთ ცოტაოდენი ფქვილი, მოათავსეთ მასზე მეგრული ხაჭაპური, შედგით გახურებულ ღუმელში და აცხვეთ დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში. გამოცხობის შემდეგ, ზევიდან მოაცხეთ დარჩენილი 20 გრამი კარაქი და გემრიელად მიირთვით!
~ როგორ მოვამზადოთ ხაჭაპურის ცომი? ~
☞
გემრიელი ხაჭაპურის გამოცხობა მისთვის ცომის მომზადებით იწყება. მრავალი თქვენგანისთვის ალბათ არაერთი წესია ცნობილი ხაჭაპურის ცომის მოსამზადებლად. ზოგ ახალბედა დიასახლისს კი ჯერ არცერთ მათგანზე არაფერი სმენია. ნებისმიერ შემთხვევაში ვეცდები საქმე გაგიმარტივოთ და შემოგთავაზებთ ცომის მომზადების ერთ მარტივ და უნივერსალურ წესს აჭარული, მეგრული თუ იმერული ხაჭაპურის მოსამზადებლად!
მასალა სამი ცალი ხაჭაპურის ცომის მოსამზადებლად:
1.15 კილოგრამი ფქვილი
200 მილილიტრი წყალი
1 სუფრის კოვზი საფუარი
200 მილილიტრი რძე
1 ცალი კვერცხი
50 მილილიტრი ზეთი
შეათბეთ წყალი 35C გრადუსამდე და გახსენით მასში საფუარი. მოათავსეთ 1 კილოგრამი ფქვილი ღრმა თასში და გაუკეთეთ ჩაღრმავება. ჩაუმატეთ საფუვრიანი წყალი, ზეთი, რძე და ჩაატეხეთ ერთი კვერცხი. სურვილისამებრ შეურიეთ 1 სუფრის კოვზი შაქარი, ცომისთვის ოქროსფერი ბზინვარების მისანიჭებლად. ხელით შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და რბილ ცომს ბურთის ფორმა მიეცით. შეფუთეთ და დატოვეთ თბილ ადგილას 2 საათით. შემდეგ, აფუებულ ცომს ჩაუმატეთ 150 გრამი ფქვილი და გადაზილეთ. დაყავით სამ თანაბარ ნაწილად და თითოეულს მიეცით ბურთის ფორმა. შეფუთეთ და შეინახეთ, ან განაგრძეთ ცხობა სასურველი ხაჭაპურის რეცეპტით!

|