
მეგრული ენა (მეგრ. მარგალური ნინა) — ჩრდილო-დასავლეთ საქართველოს ქართველური ენა. მეგრული ენა იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის ქართველურ ჯგუფს მიეკუთვნება. მას, ლაზურთან ერთად, ერთი ენის — ზანურის დიალექტადაც თვლიან. ამასთან, მეგრული და ლაზური უფრო ახლოსაა ქართულთან, ვიდრე თითოეული მათგანი — სვანურთან. 1989 წლის მონაცემებით, ქართულთან ერთად მეგრულს მშობლიურ ენად თვლის თითქმის 500 000 ქართველი, რომელთა უმრავლესობა საქართველოში სამეგრელოს მხარეში ცხოვრობს. მხარე შედგება ოდიშის ზეგნისა და კოლხეთის დაბლობისაგან შავი ზღვის სანაპიროდან სვანეთის მთებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთით და მდ. ცხენისწყლამდე აღმოსავლეთით. მეგრულენოვანი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა(40 000-ზე მეტი ადამიანი) სახლობს აფხაზეთის მხარეშიც. მეგრულენოვანი მოსახლეობის საკმაოდ დიდი რაოდენობა (100 000 ადამიანზე მეტი) ცხოვრობს საქართველოს დედაქალაქში. აფხაზეთის კონფლიქტის შემდეგ, აფხაზეთიდან დევნილი მეგრულენოვანი მოსახლეობის ნაწილი (დაახლ. 50 000 ადამიანი) წავიდა რუსეთში და დღესაც იქ ცხოვრობს. იუნესკომ მეგრული შეიყვანა გაქრობის საშიშროების წინაშე მდგარი ენების სიაში.[1] მეგრულ ენას დამწერლობის სტანდარტი არ გააჩნია და ძირითადად საოჯახო და არაფორმალურ მეტყველებაში გამოიყენება. მეგრული ქართული ანბანით იწერება და მასში იხმარება მხედრული ანბანის 33–ვე ასო–ბგერა, და აგრეთვე ყრუ ბგერა „ჸ„ (მაგ. ჸუდე - სახლი, ჸორადილი - დამპალი, ჸუჯი - ყური და ა.შ.) და ირაციონალური ხმოვანი „ჷ“; უძველესი შემორჩენილი ტექსტები ძირითადად ეთნოგრაფიული ლიტერატურაა. 1930-38 წლებში რამდენიმე გაზეთი, მათ შორის „ყაზახიში გაზეთი“, „კომუნა“, „სამარგალოშ ჩაი“, „სამარგალოშ თუთუმი“, „მახორხალი“ იბეჭდებოდა მეგრულად. მოგვიანებით ენის აღორძინებისთვის გარკვეული სამუშაო ჩატარდა. ოთარ ქაჯაიას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი და მეგრულ-გერმანული ლექსიკონი (ჰ. ფენრიხთან ერთად). ასევე გივი ელიავას მიერ გამოიცა მეგრულ-ქართული ლექსიკონი. მეცხრამეტე საუკუნის 60-იან წლებში კაკა ჟვანიას მიერ ნათარგმნი და გამოცემულ იქნა „ვეფხისტყაოსანი“ მეგრულად.ლაშა გახარიას, გური ოტობაიას და გიორგი სიჭინავას მიერ გამოიცა წიგნები მეგრული პოეზიით. 2000 წელს გიორგი სიჭინავას რედაქტორობით დაიბეჭდა მეგრული ლიტერატურული „ჟურნალი ირიათონი“, ხოლო 2006 წელს გაზეთი „მაფშალია“, რომელსაც უძღვებოდა რამაზ კუპრავა.

ენის ისტორია
მეგრული ენა ყველაზე უფრო ახლოს დგას ლაზურთან, რომელსაც ისტორიული პროცესების გამო ბოლო 1000 წლის წინ გამოეყო.
ყველაზე ძველი მეგრული ტექსტების ჩანაწერი მე-19 საუკუნეს ეკუთვნის. 1880 წელს პეტერბურგის უნივერსიტეტის პროფესორმა ალექსანდრე ცაგარელმა გამოაქვეყნა თავისი მეცნიერული ნაშრომი „მეგრული ეტიუდები“.
ლექსიკა
- გამარჯობა - გომორძგუა
- ნახვამდის - ძირაფაშახ
- მე/შენ/ის - მა/სი/თინა
- დიახ, ჰო - ქო
- არა - ვარ
რიცხვები
1 |
ართი |
2 |
ჟირი |
3 |
სუმი |
4 |
ოთხი |
5 |
ხუთი |
6 |
ამშვი |
7 |
შქვითი |
8 |
(ბ)რუო |
9 |
ჩხორო |
10 |
ვითი |
|